პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

17/03/2017

პროკურატურამ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის, პოლიციელებზე, მათ სამსახურებრივ შენობაზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმასა და პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე შვიდ პირს, მათ შორის ორ არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.
გამოძიებით დადგენილია, რომ 2017 წლის 11 მარტს, ქალაქ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ „ბათუმი პლაზას“ მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა რამდენიმე ასეული პირი, რომლებიც უკმაყოფილებას გამოხატავდნენ საპატრულო პოლიციის მუშაკის მიერ ერთ-ერთი მოქალაქის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებისა და დაკავების თაობაზე. დაახლოებით 22 საათზე, პირთა ჯგუფმა გადაინაცვლა ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა №11-ში განთავსებულ შ.ს.ს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობასთან, სადაც მათი მოქმედებები გადაიზარდა აგრესიაში. ისინი ძალის გამოყენებით ცდილობდნენ პოლიციის შენობაში შეჭრას, რისი საშუალებაც მათ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მობილიზებულმა პოლიციის მუშაკებმა არ მისცეს. დაახლოებით 00:30 საათზე ლაშა დეკანაძემ, მინდია ბერიძემ, გიორგი ბერიძემ, გენადი მამულაძემ, კახა მახარაძემ და ორმა არასრულწლოვანმა (მათ შორის ერთ-ერთი წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი), ჯგუფურ ძალადობაში მონაწილე სხვა მოქალაქეებთან ერთად ქვებით, ე.წ „მოლოტოვის კოქტეილებით“ და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა. შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანებები მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს, დააზიანეს, დაწვეს და გაანადგურეს მოქალაქეებისა და პოლიციის სამსახურებრივი ავტომანქანები, ასევე გაანადგურეს 132 770 ლარის ღირებულების ქალაქის ინფრასტრუქტურა.
პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით ექვსი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ, ხოლო ერთი არასრულწლოვანი პირის მიმართ ბრალდების მხარე გირაოს – 3000 ლარის ოდენობით შეფარდებას მოითხოვს. დაკავებულებს ბრალი წარდგენილი აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 3531-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მათ სამსახურებრივ შენობაზე ან სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით.
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0