თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროგრამაში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისი თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლაში გამარჯვება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული.
„მინდა, მთავრობის სხდომა დავიწყო თხოვნით, მოწოდებით, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია და ჩავერთოთ ვაქცინაციის პროგრამაში. სხვა გზა, სხვა გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან, არ არსებობს. ჩვენ ვართ ომში და ამ ომში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. უნდა გავიმარჯვოთ ერთმანეთის დახმარებითა და მხარდაჭერით. დღეს ბრძოლის ხაზი გადის თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაზე და სწორედ ჩემზე, თქვენზე, ჩვენზეა დამოკიდებული გავიმარჯვებთ თუ არა ამ ბრძოლაში. დამეთანხმებით ალბათ, რომ ნებისმიერი თემა უფერულდება იმის ფონზე, რაც ჩვენს ყოველდღიურობაში ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა და დედაქალაქის მთავრობის წევრებმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
„მინდა, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც უხილავ მტერთან ბრძოლას შეეწირა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ დღეს მაჭავარიანის ქუჩა დღის მეორე ნახევრიდან ორმხრივად გაიხსნება.
„დღეს ვხსნით ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქუჩას, სადაც რამდენიმე თვის წინ, მეწყერის გააქტიურების გამო და ადამიანების უსაფრთხოების მიზნით, გადაადგილება შევაჩერეთ. დღის მეორე ნახევრიდან ეს გზა გაიხსნება და ავტომობილების ორმხრივად მოძრაობაც აღდგება. საპრევენციო სამუშაოების ძირითადი ეტაპი დასრულდა. კერძოდ, იცით, რომ პროცესში ადგილობრივი ექსპერტები ჩავრთეთ, ასევე, გერმანელი სპეციალისტები მოვიწვიეთ. შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი – კომისია და ნებისმიერი გადაწყვეტილება სამუშაო პროცესის ირგვლივ, რა თქმა უნდა, ამ კომისიასთან შეთანხმებით მიიღებოდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რაც შეეხება მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის დამაკავშირებელ ახალ გზას, თბილისის მერის თქმით, სამუშაოები მიმდინარეობს და აღნიშნული ტერიტორიაც უახლოეს მომავალში მოეწყობა. მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ასევე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ ელიავას ბაზრობის მესაკუთრეებთან მოლაპარაკების შედეგად, ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შეიმუშავა.
„ჩვენი მთავარი მიზანი იყო ელიავას ბაზრობის განვითარება და შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტი მერიისა და კერძო სექტორის ერთობლივი მონაწილეობით. მოგეხსენებათ, აღნიშნული ობიექტი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზონაა, სადაც მრავალი მეწარმე ეკონომიკური საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა, მისი არსებული მდგომარეობა, ვიზუალი, ინფრასტრუქტურა და უსაფრთხოების მდგომარეობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღევანდელ თბილისს და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, როგორც იქ მომუშავე ადამიანებისთვის, ასევე ქალაქის მცხოვრებლებისთვის. არავის მოსწონს დღევანდელი ელიავას ბაზრობის მდგომარეობა. უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქ არსებული ვითარება სერიოზული პრობლემაა. შესაბამისად, იმ ტერიტორიის ასე დატოვება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე განცხადებით, პროექტს მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი განახორციელებს.
„ამ პრობლემის გადასაჭრელად მუნიციპალიტეტმა მოლაპარაკებები აწარმოა ტერიტორიის ყველა მესაკუთრესთან და ელიავას ბაზრობის განვითარების ერთიანი პროექტი შევიმუშავეთ. ეს იქნება ერთ-ერთი დიდი პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი გეგმარების საფუძველზე, კერძო სექტორი, ამ შემთხვევაში ტერიტორიის მესაკუთრეები თავად განახორციელებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, თბილისის მერის თქმით, პროექტის ძირითადი კონცეფცია ტერიტორიის მესაკუთრეებთან შეთანხმებითაა შედგენილი. მისივე განმარტებით, გამოცხადდა ტენდერი, გამარჯვებულთან გაფორმდა გეგმარების შესახებ ხელშეკრულება და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.
„პროექტი, რომელსაც საბოლოოდ შევიმუშავებთ, გაითვალისწინებს როგორც ქალაქის, ასევე, მესაკუთრეების და იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ არ დაიწყოს პოლიტიკური მანიპულაციები, როგორც ხშირად ხდება, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან. იქ მომუშავე ადამიანების ინტერესებიც, პირველ რიგში, იქნება გათვალისწინებული. დარწმუნებული ვარ, არც იქ მომუშავე ადამიანებს უნდათ იმ პირობებში მუშაობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
გარდა ამისა, კახა კალაძემ ყურადღება კიდევ ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე გაამახვილა. კერძოდ, სოფელ დიღომში, თეთრი გიორგის ქუჩისა და სოფლის სასაფლაოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მისი თქმით, ხიდი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი გზაა სოფლის სასაფლაოზე მისასვლელად. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, ხიდს ექსპერტიზაც ჩაუტარდა.
„რეაბილიტაციის დაწყებამდე, ხიდს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტების მიერ ექსპერტიზა ჩაუტარდა. დასკვნით, კიდევ ერთხელ დადასტურდა ხიდის ავარიული მდგომარეობა და გადაუდებელი რეაბილიტაციის საჭიროება. რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ხიდზე არსებული თაღის გამაგრება სპეციალური საყრდენების საშუალებით, ასევე, დაგეგმილია სავალი ნაწილის გაფართოება და შესაბამისი ზღუდარების მოწყობა. სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, რეაბილიტაციისას, ხიდის პირვანდელი იერსახე შეძლებისდაგვარად შეუნარჩუნდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ივლისში დაიწყო და წლის ბოლოს დასრულდება. კახა კალაძის განცხადებით, სოციალური მზრუნველობის სააგენტოს მიერ, „თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან“ პარტნიორობით, თბილისში ე.წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო. აღნიშნული სერვისი ბავშვთა ინტერესების დაცვისთვის და საჭიროებიდან გამომდინარე, მათი ფსიქოლოგიური დახმარებისთვისაა განკუთვნილი.
„ჩვენი მოქალაქეებისთვის სხვადასხვა მუნიციპალური სერვისის მიწოდების გაუმჯობესებისთვის და ამ პროცესის უფრო ეფექტიანი მართვისთვის, თბილისის მერიაში სხვადასხვა ა(ა)იპ-ი შეიქმნა. მათ შორისაა „სოციალური მზრუნველობის სააგენტო“, რომლის ერთ-ერთ მიმართულება თბილისში მცხოვრებ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა. ამ მიზნით, დედაქალაქში ბავშვთა ფსიქოლოგებისთვის ე წ. ინტერვიუს ოთახები მოეწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ე.წ. ინტერვიუს ოთახი ფსიქოლოგს საშუალებას აძლევს, არასრულწლოვანს გარეშე პირებისგან იზოლირებულად გაესაუბროს, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვების შემთხვევაში, გასართობი და სააზროვნო თამაშებისთვის სპეციალური ინვენტარი გამოიყენოს.
„აღნიშნული ოთახები საბავშვო ბაღების ბაზაზე მოეწყო, ხოლო ინფრასტრუქტურა ბავშვზე მორგებული გარემოს პრინციპების გათვალისწინებით შეირჩა. სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ არასრულწლოვანს, რომელსაც მსგავსი დახმარება სჭირდება. პროგრამაში ჩართვა შესაძლებელია, როგორც ბავშვთა დახმარების ცხელ ხაზზე – 111-ზე ზარით, ასევე, თვითონ სააგენტოს სოციალური მუშაკების დახმარებით, რომლებიც განაგრძობენ მუშაობას მსგავსი საჭიროების მქონე ბავშვების იდენტიფიცირებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ე.წ. ინტერვიუს ოთახები ფსიქოლოგებისთვის მოეწყო შემდეგ მისამართებზე: სამგორის რაიონში, N163 ბაგა-ბაღში; გლდანის რაიონში, N104 ბაგა-ბაღში; ჩუღურეთის რაიონში, N119 ბაგა-ბაღში; საბურთალოს რაიონში, N73 ბაგა-ბაღში; კრწანისის რაიონში, N191 ბაგა-ბაღში. ამასთან, თბილისის მერმა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომელს, გივი მამულაშვილს 85 წლის იუბილე მიულოცა.
„ალბათ გახსოვთ, 2019 წელს თბილისი საპატიო მოქალაქეებად დასახელდნენ მერიის სისტემაში დასაქმებული უხუცესი თანამშრომლები, რომლებსაც დედაქალაქზე გაწეული შრომისა და ზრუნვის დიდი სტაჟი აქვთ. მათ შორის, ერთ-ერთი გახლავთ გივი მამულაშვილი, „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომელიც 85 წლის გახდა. ბატონ გივის 68 წლის განმავლობაში ჰქონდა მუშაობის სტაჟი ელექტრომონტიორის, უფროსი სპეციალისტის, განათების ოსტატის პოზიციებზე. წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ განყოფილებას, ხოლო დღემდე მუშაობს გარე განათების ოსტატის პოზიციაზე. მინდა, ბატონ გივის მივულოცო დაბადების დღე და პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. დღეგრძელობა, სიხარული და სიყვარული არ მოკლებოდეს თავის ოჯახთან, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. გივი მამულაშვილის მსგავს ადამიანებზე დგას არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქი, არამედ მთელი ქვეყანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.