თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. მისი თქმით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე.
„ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა, გვაქვს გარკვეული პრობლემები გამწვანების მიმართულებით, რადგან ძალიან ხშირად ფიქსირდება ისეთი ფაქტები, რომ ხდება უნებართვოდ ჭრები, ხეების მიზანმიმართულად დაზიანება. შესაბამისად, გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენი მიდგომები კიდევ უფრო გავამკაცროთ. მომზადებული გვაქვს საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება და დარწმუნებული ვარ, მათი მხარდაჭერით, შევძლებთ, არსებული კანონმდებლობის გამკაცრებას. შემოთავაზებული ცვლილებით, გამკაცრდება კანონმდებლობა უკანონო ჭრებისთვის და გაიზრდება 500 ლარიდან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორებითი ჩადენის შემთხვევაში, 1 000-ლარიანი ჯარიმა გაიზრდება 10 000 ლარამდე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შეიცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი, ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება.
„რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც ვერ დგინდება უნებართვოდ მოჭრილი მწვანე ნარგავის სახეობა და შესაბამისი ზიანი, ამ შემთხვევაში, ზიანის ოდენობად განისაზღვრება 5 000 ლარი. აღნიშნული საკანონმდებლო პროექტით, ასევე, იცვლება გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობის გამოთვლის წესი და კატეგორიების მიხედვით არსებული შემასწორებელი კოეფიციენტები სამმაგდება. ასევე, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო ჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება და მშენებლობის პროცესში ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება. გვაქვს ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები მშენებლობის დროს ნარგავებს ჭრიან წინასწარ ან აფუჭებენ. შემდეგ მოდიან თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში და ითხოვენ ნებართვის მიღებას. არცერთ ასეთ შემთხვევაზე არ მოხდება ნებართვის გაცემა და არ მიეცემათ პირებს მშენებლობის უფლება, სადაც მწვანე ნარგავი წინასწარ დაზიანებული ან მოჭრილი იქნება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საექსპერტო დასკვნებთან დაკავშირებით. ამ მიმართულებითაც გამკაცრდება კანონმდებლობა. კერძოდ, თუ ექსპერტი წარმოადგენს არასწორ დასკვნას, იგი დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში, საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარასდროს გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერის თქმით, აღნიშნული რეგულაციების დროულად ამოქმედების უზრუნველსაყოფად, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს დაევალება საკანონმდებლო პროექტების წარდგენა საკრებულოსა და პარლამენტის წინაშე. კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს.
„როგორც იცით, ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, რაც ბიუჯეტში ძალიან მსუყედაა ასახული. ბევრი თანხა იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ დავიწყეთ მსხვილი პროექტების განხორციელება – ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და სამუშაოები მიმდინარეობს. ივნისის დასაწყისში გვინდა დავიწყოთ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი; მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა; მიწის ქვეშ განთავსდება საჰაერო კაბელები; გარე განათების ახალი ქსელი, სადაც დამონტაჟდება თანამედროვე ტიპის LED სანათები. გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი. გარდა ამისა, გზის სავალი ნაწილიდან გამოიყოფა ზოლი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის, მოეწყობა ახალი მოსაცდელები და ველობილიკი. ასევე, დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
„სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება, რა დროსაც ვარაზის ხევსა და კოსტავას ქუჩაზე, სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოსახლეობას მიეწოდება მომდევნო დღეების განმავლობაში. მესმის, რომ ეს გარკვეულ პრობლემებს შექმნის ქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით, მაგრამ მეგობრებო, ჩვენ არ გვაქვს დასაკარგი დრო. გვაქვს უამრავი პრობლემა, რომელსაც მოგვარება სჭირდება და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ დაველოდოთ ერთი პროექტის განხორციელებას და შემდეგ დავიწყეთ მეორე. პირიქით, რაც შესაძლებლობები და რესურსები გვაქვს, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავაკეთოთ ბევრი პროექტი, ერთხელ გავიჭირვოთ და შემდეგ უკვე მოწესრიგებული იყოს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მერის თქმით, პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება. მისივე განცხადებით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს.
„საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავასა და ჟიული შარტავას ქუჩების ნაწილზე, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვა.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა სამძიმარი დიდი ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის გარდაცვალების გამო. უდიდესი მუსიკოსი დააკლდა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს. მასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ქართულ საზოგადოებას ექნება დღეს და ხვალ. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. ლექსო თორაძე დაიკრძალება ხვალ დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.