პროექტის განხორციელების შედეგად 2000 სამუშაო ადგილი შეიქმნება

12/07/2016

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)მისიის ხელმძღვანელი დაგლას ბოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, შიდა ქართლის გუბენრატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ნიქოზში იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა ოფიციალურად გახსნა პროექტი “ზრდა საქართველოში”, რომელსაც USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს Chemonics International Inc. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციულ საზღვისპირას მდებარე 70 თემს. აღნიშნული ხუთ წლიანი პროგრამა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე თემების მდგრადი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას-მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარებას; სოფლის მოსახლეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობას; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების გარღმავებასა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას ბიზნესკავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით.
პროექტის განხორციელების შედეგად სამიზნე თემებში შეიქმნება 2000 სამუშაო ადგილი, 650 საწარმოში გაიზრდება გაყიდვების მაჩვენებელი, 11000 ოჯახს გაეზრდება შემოსავლები და მნიშვნელოვნად გაძლიერდება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა.
უკანასკნელი 24წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ USAID-ის გავლით საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 1.5 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. USAID-ის პროექტები, რომელთა მიზანია საქართველოს დახმარება თავისუფალი და წარმატებული დემოკრატიის მშენებლობაში, მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ასევე, ჯანდაცვის და განათლების გაუმჯობესება. USAID-ი ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს 100-ზე მეტ ქვეყანას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0