პროექტები ადგილობრივებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ხორციელდება

30/05/2019

საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე, რომელიც დღეს კახეთში, წინანდალში იმართება, საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა სხვა საკითხებთან ერთად, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.

„კახეთის მაგალითზე მინდა გამოვყო თელავში აღდგენილი ბატონის სასახლე და მიმდებარედ მოწყობილი ინფრასტრუქტურა. ასევე, ამჟამად მიმდინარე უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროექტი, რომელზეც ძეგლთა დაცვის სააგენტო მუშაობს და ჩვენი სამინისტრო ჩართულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის კუთხით. მსგავსი მაგალითებია ბოდბეში, სადაც იგეგმება სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობა, გომბორზე დავიწყეთ სამუშაოებისთვის მზადება, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ისტორიული ქალაქების ცენტრების რეაბილიტაცია. უკვე დაიწყო თელავის ცენტრის რეაბილიტაციის პროექტი, ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს ველისციხის საინტერესო ისტორიულ დასახლებას და ამ მიმართულებითაც უკვე ვმუშაობთ. მიმდინარეობს კაკაბეთისა და ველისციხის დამაკავშირებელი გზის პროექტირება და სავარაუდოდ ეს გზა გაივლის სოფელ ჭერემზე, რომელსაც ასევე აქვს განვითარების პერსპექტივა და ვფიქრობთ, იქ შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნასა და ისტორიული მემკვიდრეობის აღდგენას,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ყველა პროექტი სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნისა და ადგილობრივებისთვის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

„ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, უკვე დამუშავებული გვაქვს სხვადასხვა დასახლების სივრცითი მოწყობის გენერალური გეგმები. დასრულებულია თელავის გენგეგმაზე მუშაობა, დაიწყო საჯარო განხილვები და დამტკიცების პროცედურები. ასეევე, მომზადდა ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის 12 სოფლის სივრცითი ტერიტორიული გეგმების დოკუმენტაცია. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია იყალთოს ხევის განაშენიანების გეგმა და ეს ტერიტორია საინტერესოა იმით, რომ ახალი სივრცეა ახალი ინვესტიციებისთვის,“ – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, კოლეგა უწყებებთან და ექსპერტებთან ერთად, კომპლექსური და ინტეგრირებული მიდგომით ცდილობს თანხების ისეთ ინფრასტრუქტურაში ჩადებას, სადაც განვითარების დიდი პოტენციალია და კერძო ინვესტიციების მოზიდვაა შესაძლებელი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0