პროგრესი რომელსაც ქვეყანა განიცდის სათანადოდ იყოს ასახული

05/04/2016

ნატო-ს დეკემბრის მინისტერიალის დეკლარაციაში წერია, რომ საქართველოს უკვე გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად, – ასე ხსნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებას და საქართველოს სტრატეგიას, რომ “ჩვენ არ ვითხოვთ MAP-ს ვარშავის სამიტზე.

მისი თქმით, ზოგადად საქართველო ყოველ სამიტზე მიდის იმ მიზნით, რომ პროგრესი, რომელსაც ქვეყანა განიცდის, სათანადოდ იყოს ასახული როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით.

“ვარშავის სამიტის მოსამზადებელ პერიოდში, დეკემბრის მინისტერიალზე აღინიშნა და დეკლარაციაში გაკეთდა მნიშვნელოვანი ჩანაწერი, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. იმავე დეკლარაციაში მონტენეგროსთან დაკავშირებით, რომელიც გახდა წევრი, ვკითხულობთ, რომ მონტენეგროს წევრობისთვის პრაქტიკული მომზადების კუთხით სწორედ MAP დაეხმარა. საქართველოს შემთხვევაში კი წერია, რომ საქართველოს უკვე გააჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომ წევრობისთვის მოემზადოს”, – განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, MAP რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად.

“საქართველო ამ ეტაპზე პარტნიორობის კალათიდან გადასულია წევრობის კალათაში, ანუ ჩვენთან დაკავშირებით განცხადებები კეთდება წევრობის მიმართულებით. შესაბამისად, პროგრესი საქართველოს წევრობის გზაზე არის ის საკითხი, რომელიც განიხილება. MAP რჩება პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილად. მოგეხსენებათ, ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა კონსენსუსის საფუძველზე უნდა მიიღონ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება განსაზღვრავს როგორც სამოქმედო გეგმას, ისე წევრობას მომავალში. ამ ეტაპზე ჩვენი ძალისხმევა უკავშირდება საქართველოს მომზადებას, რათა ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს გააჩნია, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით”,- განაცხადა ბაქრაძემ.

გასული წლის დეკემბერში გამართულ ნატო-ს მინისტერიალის დეკლარაციაში საქართველოსთან დაკავშირებით ჩაიწერა შემდეგი: „2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი მაპ-ი იქნება. დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს და ასევე შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც მიღწეულ იქნა 2008 წლის შემდეგ. საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან შეიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც წევრობისთვის მოსამზადებლად არის საჭირო. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, ალიანსთან უფრო მეტად დასაახლოებლად, გააგრძელოს ყველა შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც სთავაზობს ნატო-საქართველოს კომისია, ყოველწლიური ეროვნული პროგრამა, მისი როგორც „გაძლიერებული შესაძლებლობების პარტიორის“ როლი, მისი მონაწილეობა ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მშენებლობის ინიციატივაში და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი”.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0