ზურაბ აზარაშვილმა, თურქეთში, „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვები მოინახულა. არასრულწლოვანები, თურქეთში, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობის პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან და მათ მკურნალობას სახელმწიფო უზრუნველყოფს. პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა. 2-მა შესაბამისი სერვისი უკვე მიიღო და ქვეყანაში დაბრუნდა. 7 პაციენტი თურქეთში მკურნალობას განაგრძობს, ერთი კი ისრაელში, „იხილოვის სამედიცინო ცენტრში” მკურნალობს.
პროგრამა მიმდინარე წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას ესპანეთის
“ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში”, ისარელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრსა” და თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში” სახელმწიფო სრულად აფინანსებს.
პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება, რომელიც მოიცავს დიაგნოსტიკასა და მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას, ასევე, საჭიროების შემთხვევაში პროტონოთერაპიას. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტროს „სოლიდარობის ფონდი” ახორციელებს. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი.
პროგრამის ფარგლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ უკვე 10 ბავშვი გაემგზავრა
02/10/2023