სოფლის მხარდაჭერის პროგრამის საერთო კრებას ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში ვიცე-პრემიერი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
“დღეს პირველი დღეა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით ტარდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის კრებები. ჯამში ვგეგმავთ 3700 სოფლის კრების ჩატარებას, რაც იმას ნიშნავს რომ ნახევარი მილიონი ადამიანის ნებით განაწილდება ის 20 მილიონი, რომელიც სოფლის პროგრამაში გვაქვს წელს გათვალისწინებული. დღეს მქონდა პატივი დავსწრებოდი კრებას და ძალიან სასიამოვნოა რომ სოფელში არის ასეთი ერთსულოვნება. მოსახლეობამ გადაწყვიტა რომ მათ გარე განათების სამუშაოების დასრულება სურთ. პროგრამის მიხედვით, ამ სოფლის ზომიდან და ხლხის რაოდენობიდან გამომდინარე შესაძლებელია 10 ათასი ლარის დაფინანსება და შესაბამისად, ეს თანხა ამ სოფელში მოხმარდება გარე განათებას“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
დღეიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
პირველი კრებები დღეს სხვადასხვა რეგიონის 21 სოფელში ჩატარდა. უკვე მიღებულია რამდენიმე გადაწყვეტილება განსახორციელებელი პროექტების შესახებ, მათ შორისაა საბავშვო ბაღის ეზოს მოწესრიგება, ატრაქციონების დადგმა, ხიდის შეკეთების სამუშაოები.
“ამ პროგრამის მთავარი დანიშნულებაა, უშუალოდ მოსახლეობამ გადაწყვიტოს თუ რა სჭირდებათ მათ, იქ მაცხოვრებლებმა ყველაზე უკეთ იციან რა საჭიროებები აქვს სოფელს. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეს თვითმმართველობა და ხალხმა მიიღოს ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან დავუჭერთ მხარს“-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება. 5-დან 10 ათას ლარამდე თანხა კი დასახლების ზომის მიხედვით განაწილდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.