პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი

14/04/2022

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა, მინისტრის საათის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას მოუსმინეს. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სახელმწიფო პროგრამებზე.

„ერთ-ერთი მოთხოვნადი სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ვახორციელებთ, არის „დანერგე მომავალი“. პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, გააშენონ თანამედროვე, ინტენსიური ბაღები და მიიღონ მაღალი ხარისხის უხვი მოსავალი, როგორც საექსპორტო, ასევე ადგილობრივი ბაზრისთვის“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი ინფორმაციით, მოთხოვნად პოზიციებს საექსპორტო პროდუქტები – კაკლოვანი და კენკროვანი კულტურები წარმოადგენს.

„აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალწლოვანი კულტურების წარმოება ბოლო წლებში საქართველოში 33%-ით გაიზარდა და 600 ათასი ტონა შეადგინა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ დაწყებიდან დღემდე, ჯამში, ახალი მრავალწლოვანი ბაღების გაშენება სახელმწიფოს მიერ 17,000 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე დაფინანსდა. მინისტრის ინფორმაციით, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, 2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეიქმნა 51 შემნახველი მეურნეობა, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 70 მლნ ლარამდეა, ხოლო სახელმწიფო თანადაფინანსება – 24 მლნ ლარამდე. 2021 წლის განმავლობაში, მხარდაჭერილია 12 გადამმუშავებელი საწარმო. ოთარ შამუგიას განცხადებით, სახელმწიფო, ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამას განახორციელებს.

„ბოსტნეულის იმპორტის ძირითადი ნაწილი მოდის არასეზონზე, რაც გამოწვეულია სეზონზე მოყვანილი ბოსტნეულის შესანახი საჭირო ინფრასტრუქტურის, თანამედროვე სტანდარტებისა და ტექნოლოგიების, სამაცივრე მეურნეობების სიმცირით. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ბოსტნეული კულტურების შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამით, რომელიც პრემიერის ინიციატივით 2021 წელს დაიწყო, 140 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მობილიზება იქნა შესაძლებელი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2,327 ბენეფიციარმა თანადაფინანსებით მიიღო სხვადასხვა ტიპის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. მინისტრის განცხადებით, მოწესრიგებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად ავითარებს სოფლის მეურნეობის სექტორს.

„ინტენსიურად გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. შედეგად, ქვეყანაში მელიორირებული ფართობი 200 ათას ჰექტარზე მეტია“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, წყალუზრუნველყოფილი ფართობი 45 000-დან 160 ათას ჰექტრამდე გაიზარდა, ხოლო დრენირებული მიწის ფართობი – 14 000-დან 43 ათას ჰა-მდე.

„ჩვენი პარტნიორი დონორი ორგანიზაციების დახმარებით და საბიუჯეტო დაფინანსებით, ამჟამადაც მიმდინარეობს და მომავალშიც დაგეგმილია მასშტაბური სამელიორაციო პროექტების განხორციელება“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე და აღნიშნა, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად მიმდინარეობს.
მისი თქმით, 2015 წლიდან, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობას 150-მდე მეტი სამართლებრივი აქტი დაუახლოვდა. ოთარ შამუგიამ აღნიშნა, რომ სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებების შედეგად, ევროკომისიამ საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა არაერთხელ შეაფასა დადებითად და საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ნებადართულია ზოგიერთი ცხოველური წარმოშობის სურსათის ექსპორტი. როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ჰაერის ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის ჩამოყალიბებისთვის. მისი თქმით, კლიმატური ცვლილებების ფონზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამინდისა და მოსალოდნელი სტიქიური პროცესების პროგნოზირებას. მისივე ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლის ხარისხზე დაკვირვების ქსელი ყოველწლიურად ფართოვდება. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს დაიწყო ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ღვინის კომპანიების მიერ გაწეული მარკეტინგული ხარჯების დაფინანსებას სახელმწიფოს მიერ.

„2021 წელს, ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული მაჩვენებლები დაფიქსირდა. საქართველოდან მსოფლიოს 62 ქვეყანაში ექსპორტირებული იყო 107 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

როგორც ოთარ შამუგიამ აღნიშნა, სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დაცული ტერიტორიების შექმნა, გაფართოება და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების შესაბამისად განვითარებაა. მისი ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების ფართობი გაიზარდა და 2021 წლის მდგომარეობით შეადგენს დაახლოებით 800 000 ჰექტარს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.5%-ია. 2012-2021 წლებში შეიქმნა 31 ახალი და გაფართოვდა 3 დაცული ტერიტორია. მინისტრის თქმით, ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და 2021 წლის მდგომარეობით 200 ინდივიდს შეადგენს. მისი განცხადებით, დაცული ტერიტორიების დაცვა-მონიტორინგისა და პატრულირების გაუმჯობესების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, კერძოდ, 12 დაცულ ტერიტორიაზე ინერგება SMART პატრულირების თანამედროვე სისტემა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2021 წელს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე 40-მდე ეკოტურისტული პროექტი განხორციელდა. მისი თქმით, 2021 წელს, პირველად საქართველოს ისტორიაში, 4 დაცულ ტერიტორიას: კოლხეთისა და მტირალას ეროვნულ პარკებს, ქობულეთის და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებს, როგორც უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ამაზონის ტყის, მთა ეტნას, შვეიცარიის ალპების, გრანდ კანიონისა და იელოუსტოუნის ეროვნული პარკების გვერდით.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ კერძო სექტორთან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით. საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების საშუალებით, ხორციელდება საინვესტიციო პროექტები, რომელთა საერთო ღირებულება 142 900 000 ლარს შეადგენს“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, 2021 წლის მდგომარეობით, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარე პორტფელის ღირებულება უპრეცედენტოა, ის 55 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან: გერმანიის განვითარების ბანკი (KFW), კავკასიის ბუნების ფონდი (CNF), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი (GEF), შვედეთის მთავრობა, ევროკავშირი (EU), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მუნიციპალური განვითარების ფონდი (MDF), მსოფლიო ბანკი, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF).

მინისტრის განცხადებით, ტყის ახალი კოდექსი საერთაშორისო პრინციპებზე დაყრდნობით ტყის მართვის საუკეთესო პრაქტიკას დაამკვიდრებს.

„ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ სატყეო სექტორში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და დღეისათვის უკვე არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო – ტყის ახალი კოდექსი“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

მისი თქმით, კოდექსმა განსაზღვრა ტყეების მდგრადი მართვის მნიშვნელოვანი მექანიზმები. ქვეყნის მასშტაბით უნდა მოეწყოს საქმიანი ეზოები და ეტაპობრივად დაინერგოს ხე-ტყის დამზადებისა და სატყეო მეურნეობის წარმოების მდგრადი სისტემა.
მისივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ მზადდება წინადადებები და ინიციატივები ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით. მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ტყის ინვენტარიზაციაზე, რომელიც ქვეყანაში 2014 წლიდან დაიწყო და ამ ეტაპისთვის, დაახლოებით, 360 ათასი ჰექტარი მოიცვა.

„ჩვენ გვესმის, რომ ყველა ახალი რეგულაციის მიღება და პრაქტიკაში აღსრულება ვერ განხორციელდება, თუ ჩვენ არ გვექნება კონტროლისა და ზედამხედველობის ეფექტიანი და ძლიერი სისტემა“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გასულ წლებში ჩაატარა ყველა მსხვილი საწარმოს ინსპექტირება. ქვეყნის მასშტაბით, 85-მდე მსხვილ საწარმოში გამოიკვეთა პრობლემები, რომელთა დიდი ნაწილი უკავშირდებოდა ფილტრებისა და სათანადო გამწოვი სისტემების არქონას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, გასულ წელს განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში სამრეწველო საწარმოების რეგულირების მიმართულებით. ოთარ შამუგიას განცხადებით, ინტენსიურად გაგრძელდება საწვავის ხარისხის შემოწმების პროცესი. გასულ წლებში, ზედამხედველობის დეპარტამენტმა 400-მდე ავტოგასამართი სადგურიდან 1000-მდე სინჯი შეამოწმა და კანონდარღვევებზე გატარდა შესაბამისი რეაგირება. მისი თქმით მიმდინარე წელს და მომდევნო წლებში ზედამხედველობის დეპარტამენტი გააგრძელებს საწვავის ხარისხის კონტროლს.

„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონის მიღება გარემოსდაცვითი მმართველობის სისტემის გაუმჯობესებისთვის წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია,“- აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0