პროგრამა „აწარმოე საქარველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა

14/02/2020

„პროგრამა „აწარმოე საქარველოში“ ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე იქცა მძლავრ ბერკეტად, რითიც სახელმწიფო, კერძოდ, ეკონომიკის სამინისტრო ეხმარება ქართულ ბიზნესს, მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესს“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ წლიური ანგარიშისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაციაზე. პრეზენტაცია ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი კომპანიის „მეამას“ საწარმოში გაიმართა. პრეზენტაციას პარლამენტის, მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ნათია თურნავამ დეტალურად ისაუბრა იმ გეგმებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებზეც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 2020 წელს იქნება ფოკუსირებული. მინისტრის თქმით, გამოიკვეთა რამდენიმე ახალი მიმართულება, მათ შორის: ტურისტული სერვისები, მეთევზეობა, კერამიკის წარმოების დარგის განვითარება.

„2019 წელი, მთლიანობაში, პოზიტიური იყო საქართველოს ეკონომიკისთვის, მიუხედავად შიდა თუ გარე გამოწვევებისა და პრობლემებისა, ეკონომიკა მოსალოდნელზე მაღალი ტემპით გაიზარდა და ამ ნიშნით საქართველო უსწრებს რეგიონის ქვეყანებს. განსაკუთრებით დადებითად ვითარდებოდა ექსპორტი, რომელიც ასევე მაღალი ტემპით გაიზარდა, ამ ეკონომიკურ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანეს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებმა – იმ საწარმოებმა, ვინც პროგრამის დახმარებით შეძლეს ამოქმედება, პროდუქციის ექსპორტზე გატანა თუ ადგილობრივი ბაზრისთვის შეთავაზება“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის მისალმების შემდეგ, პრეზენტაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ საქმიანობის შედეგებისა და სამომავლო გეგმების შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა გააკეთა. მისი თქმით, 2019 წელს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ მხარი დაუჭირა 350-მდე სხვადასხვა საწარმოსა თუ სასტუმროს პროექტს, მათ შორის იმ მცირე სასტუმროებს, რომლებსაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დასჭირდათ დახმარება. ეს მაჩვენებელი სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე 2018 წელს იყო განხორციელებული და მხარდაჭერილი პროექტების რიცხვი. რაც შეეხება, ფილმის ინდუსტრიას, 2019 წელს პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, 13 საერთაშორისო პროექტი დაფინანსდა, რომლის ფარგლებშიც, ქვეყანაში 55.7 მლნ. ლარზე მეტი დაიხარჯა. ექსპორტის ხელშეწყობის ფარგლებში, 2019 წელს სააგენტოს მხარდაჭერით, 120-მა ქართულმა კომპანიამ შეძლო მონაწილეობის მიღება 16 საერთაშორისო გამოფენაზე. ამავე მიმართულების ფარგლებში, გადამზადდა 65 ექსპორტის მენეჯერი.
აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მესამე მიმართულების ფარგლებში – ინვესტიციების მოზიდვის დეპარტამენტის მხარდაჭერით 2019 წელს, 5 საერთაშორისო პროექტი შემოვიდა ქვეყანაში, რომლის ფარგლებშიც 83 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა და 850-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0