პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, მოხდება მათი დროებითი მოპირკეთება

22/04/2018

დღეს ქობულეთის ზღვისპირა ზოლს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ესტუმრნენ და ქალაქ ქობულეთის მერთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნენ ტურისტული სეზონის წინ არსებულ მდგომარეობას. მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა შემსრულებელი კომპანიის მხრიდან მოხდა სამუშაოების გაჭიანურება და შეჩერება.
მინისტრმა პირადად დაათვალიერა სანაპიროზე დაწყებული მშენებლობა და არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებსა და მოსახლეობის წარმომადგენლებს მიაწოდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა აღნიშნა, ადგილზე მოხდა არსებული ვითარების შეფასება და სამუშაოების განახლებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.

„სამწუხაროდ ძალიან სავალალო მდგომარეობაა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სამუშაოებში ჩაერთოს სახელმწიფო სამშენებლო კომპანია. ისინი 1 მაისიდან დაიწყებენ უშუალოდ ქობულეთში სამუშაოების შესრულებას. დღეს უკვე მათ მიერ განთავსებულია შეკვეთები ბეტონის ნაკეთობის დამზადებისთვის. ანუ მათ პრაქტიკულად დაწყებული აქვთ საქმიანობა“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ქობულეთის სანაპირო ზოლის მოწესრიგების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის მინისტრს საკითხით დაინტერესებისთვის. მისი თქმით, ახალი კომპანიის პირობებში მოხდება სამუშაოების დაჩქარება.

„ის პრობლემური მონაკვეთები, რომელთა სრული რეაბილიტაცია წლევანდელი საზაფხულო სეზონისთვის ვერ მოესწრება, მოხდება მათი დროებითი მოპირკეთება და დასუფთავება”-განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქობულეთის ნაპირსამაგრი სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება კურორტის სანაპირო ზოლის პარამეტრების გაზრდა, შემცირდება შტორმის დროს ნაპირსამაგრ საფეხურებიან კედელზე ტალღების ზემოქმედება, რაც როგორც ტურისტებსა და დამსვენებლებს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაცული და მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ისარგებლონ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0