პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი

12/01/2017

ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები, – ამის შესახებ გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და ასეთი გუნდი არის სწორედ ის გუნდი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო.

„ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას ორი ძირითადი ურთულესი ამოცანა. ერთი არის დემოკრატიული გზით ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟი და ამ გამარჯვების შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სერიოზული პრობლემების მოგვარება. ამ პრობლემების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც აქვს რწმენა, ნებისყოფა, კომპეტენცია და ცოდნა. ამ ამოცანას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ სახელმწიფო უნდა იყოს ძლიერი და ეფექტური, რომ დაიცვას გარე მტრისგან, კრიმინალს თავი არ ააწევინოს, დაიცვას მოძალადისგან, მაგრამ ამავე დროს ესმის ძალიან კარგად, რომ ხელისუფლება უნდა იყოს მცირე ზომის, რათა თავად არ იქცეს საფრთხე ადამიანებისთვის, თავისუფალი ეკონომიკისთვის და ქვეყნის წინსვლისთვის. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ესმის, რომ ბელადი რასაც გიბრძანებს, ან რაც მისი კაპრიზია, ის კი არ არის მთავარი, როგორც ეს სააკაშვილს და მის გარემოცვას ჰგონია, არამედ საკუთარი პოლიტიკური პრინციპები. ამ ამოცანების გადაჭრას სჭირდება გუნდი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ ქვეყანა უნდა იმართებოდეს კონსტიტუციით და არა შუშის სასახლიდან ოლიგარქ ივანიშვილის მიერ. ასეთი გუნდი ვართ ჩვენ“, – განაცხადა ბოკერიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0