პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას

13/04/2021

ქვეყანაში, კონკრეტულ ეტაპზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მართვის, მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის და პანდემიისგან მომდინარე სხვა შესაბამისი გამოწვევების საპასუხოდ, საბჭო იღებს თანმიმდევრულ, დაბალანსებულ და პრაგმატულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, პერიოდულად ხდება შემდგომი რეგულაციების დაწესებასა თუ შემსუბუქებაზე გადაწყვეტილებების მიღება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი ღიბრაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, საქართველოს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციის გამო, ხელისუფლება მოკლებულია ეფექტური კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს პანდემიის გამოწვევებზე საპასუხოდ ინტენსიური მუშაობის დღის წესრიგში, პრიორიტეტი ენიჭება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვას.

„დაწესებული რეგულაციები, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, თქვენთვის ცნობილია, რომ პერიოდულად იცვლებოდა. შესაბამისად, გარკვეულ ეტაპზე, ის საკარანტინე ვადა, რაც დღეს არის დაწესებული, 14 დღიდან 5 დღემდე შემცირდა.
გარდა აღნიშნულისა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩვენი აქტიური თანამშრომლობის და მათი შუამდგომლობის შედეგად, ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველი, შშმ და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შექმნილია კუთვნილი შემწეობის კარანტინის გარეშე მიღების შესაძლებლობა. სხვა, ძირითადად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გადაუდებელი საჭიროების მქონე პირებს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მკურნალობის მიზნით, ასევე, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე აქვთ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლის და უკან დაბრუნების შესაძლებლობა”, – აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის განცხადებით, პანდემიის გავრცელების საწყის ეტაპზე, უმაღლეს დონეზე იქნა გაცხადებული, რომ საქართველოს მთავრობა მარტო არ დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს ამ გამოწვევის პირისპირ, რაც დაუყოვნებლივ აისახა კონკრეტულ ქმედებებში.

„ვირუსისა და მისი პრევენციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აფხაზურ და ოსურ ენებზე მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომლის ფარგლებშიც ითარგმნა შესაბამისი მასალა და პროტოკოლები. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე სამედიცინო პერსონალისთვის ონლაინ კონსულტაციების გაწევა და გამოცდილების გაზიარება კონტროლირებადი ტერიტორიიდან არსებული სამედიცინო დაწესებულებებისა და სპეციალისტების მხრიდან. გარდა ამისა, ჩვენი ხელშეწყობით, აფხაზეთს რამდენჯერმე ეწვია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგაცია ადგილზე ვითარების შეფასებისა და კონსულტაციების გაწევის მიზნით. აფხაზეთის მიმართულებით ადგილზე ხდებოდა შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების უზრუნველყოფა, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთების არაერთგზის შეტანის გზით. დღემდე მიმდინარეობს აფხაზეთიდან კოვიდ-ინფიცირებული პაციენტების გადმოყვანა და მკურნალობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. საბჭო ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ყველა, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით მოქმედი რეგულაციების გადახედვაზე, რამდენადაც ამის საშუალებას არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება იძლევა”, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0