პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში გაიყიდება

06/01/2019

ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელიც გრიპის სამკურნალოდ გამოიყენება, დღეიდან თბილისის მასშტაბით ოთხ სააფთიაქო ქსელში – „პე-ეს-პეში“, „ავერსში“, „ჯი-პი-სისა“ და „ფარმადეპოში“ გაიყიდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილის, დავით ტორუას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი მარაგებიდან პრეპარატი აფთიაქებში დაერიგებინა.

„800 კოლოფი არის გადანაწილებული. დილით რაიონებშიც მოხდება აღნიშნული პრეპარატის გადანაწილება და ის დეფიციტი, რომელიც იყო, აღმოიფხვრება. გარდა ამისა, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს უფასო მედიკამენტები კონკრეტული ჯგუფებისთვის – ორსულებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, ბავშვებისთვის, პენსიონერებისთვის და მათთვის, ვისაც აქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა, ონკოლოგიური თუ სასუნთქი გზების დაავადებები“, – განაცხადა დავით ტორუამ.

„ტამიფლუს“ მარაგები ქვეყანაში 10 იანვრიდან შეივსება. პრეპარატ „ტამიფლუს“ მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0