“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა. ამის შესახებ „ქართული ოცნების” ოფისში პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი. როგორც “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.
“დღეს გაიმართა პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების შესახებ. ჩემი, როგორც პარტიის თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე, პოლიტსაბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელების თაობაზე. ყველას მოგეხსენებათ, ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ლიდერია, რომელსაც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს პერიოდში ეკავა თავდაპირველად შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, ახლა კი მას თავდაცვის მინისტრის პოზიცია ეკავა. მისი მინისტრობის და პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, ეს არის გამორჩეული გამოცდილების მქონე პროფესიონალი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გაუძღვეს მთავრობის საქმიანობას და იზრუნოს იმ გამოწვევების დაძლევაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. მინდა, წარმატებები ვუსურვო ირაკლის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცდება კანონით გათვალისწინებულ უმოკლეს ვადებში“, – განაცხადა კობახიძემ.