უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. უკრაინელი კოლეგა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 2 ივნისს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები, რის შემდეგაც ირაკლი ღარიბაშვილმა და დენის შმიგალმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს. საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, კახა კუჭავას, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს. დენის შმიგალმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გააცილა
04/06/2021