პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

12/06/2019

აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ლინდსი გრემი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებასა და საქართველოს მხარდაჭერას აშშ-ისთვის მნიშვნელოვან ოპერაციებში მაღალ შეფასებას აძლევს. როგორც სენატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას აღნიშნა, მისასალმებელია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მიმართული ძალისხმევა. საუბრისას ითქვა, რომ საქართველო არის ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა ფართო რეგიონში, სადაც ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობები არსებობს.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა, რომელიც აფასებს აშშ-ის მნიშვნელოვან წვლილს მიღწეულ წარმატებაში და მზად არის, მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული მტკიცე პარტნიორობა. შეხვედრისას, ყურადღება გამახვილდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის მაღალ დონეზე და ხაზი გაესვა იმ მხარდაჭერის უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების სენატისა და კონგრესისგან. პრემიერ-მინისტრმა სენატორ გრემს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0