საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას მერებთან ერთად რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრმა მერებს არჩევნებში გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და მათთან სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა მუნიციპალიტეტების მერებს ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა, რათა ის პროექტები და ინიციატივები, რომლებზეც საუბარი იყო წინასაარჩევნო კამპანიისას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად მოკლე ვადაში განხორციელდეს. პრემიერმა არჩეულ მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა ცენტრალური მთავრობის მზადყოფნა, ჩაერთოს მოსახლეობისთვის პრიორიტეტული ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებს მერებთან აქტიური კოორდინაცია დაავალა და მერებს მოუწოდა, მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ მოსახლეობასთან, რათა მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებული მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ და ყველა პრობლემა მოქალაქეებს დროულად და ეფექტურად გადაუჭრან. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ასევე მიწვეული იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა.
პრემიერ-მინისტრმა მუნიციპალიტეტების მერებთან სამომავლო პრიორიტეტები განიხილა
10/11/2021