პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

12/01/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობამ ნათლად უნდა დასახოს 2016 წლის პრიორიტეტები, რაც თანხვედრაში იქნება საზოგადოების მოთხოვნებთან და ამავდროულად, შეაჯეროს ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა.

შეხვედრაზე სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს. აღინიშნა, რომ 2017 წლამდე დასრულდება პატიმართა რისკების კლასიფიკაცია და მოხდება მათი გადანაწილება რისკების მიხედვით 4 ტიპის დაწესებულებაში. მთავარ ამოცანად განისაზღვრა პატიმართა რესოციალიზაცია, მათი დასაქმება და განათლება, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის კურსის გაგრძელება.
პრემიერ-მინისტრმა ასევე მოისმინა ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამომავლო გეგმების შესახებ. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფოს მხრიდან დიასპორულ პრობლემებზე ზრუნვის გააქტიურების აუცილებლობასა და დიასპორულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო დიასპორულ საინვესტიციო მექანიზმებს, განიხილეს ქართული სახლების კონცეფცია და ონლაინ სკოლის იდეა ახალგაზრდებისთვის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0