ლიეტუვა საქართველოს ახლო მეგობარი და მოკავშირეა და ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრისას განაცხადა. მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე, რომელიც ივნისში ბრიუსელში გაიმართება და შეიმუშავებს ახალ ხედვას აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით. საუბრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას. ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ორ ქვეყანას შორის არსებული მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, უმაღლესი დონის ვიზიტების დინამიკა, სექტორული თანამშრომლობა, ხალხთაშორისი და კულტურული კავშირები. აღინიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მიესალმება საქართველოში ლიეტუველი ვიზიტორების რიცხვის გაორმაგებას, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა ავიამიმოსვლამ. საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრას, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრმა ლიეტუვას პრეზიდენტს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
21/01/2020