საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კასპში, საწარმო „მეტეხის კერამიკაში” იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრს საწარმოს შესახებ ინფორმაცია კომპანიის დირექტორმა დავით კაკაბაძემ გააცნო. საწარმოში 2015 წელს, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” თანამშრომლობით დაწყებული რეკონსტრუქციის შედეგად, დაინერგა ფართოფორმატიანი კერამიკული ბლოკების წარმოება, გაუმჯობესდა პროდუქციის ხარისხი და გაიზარდა მოცულობა. 2019 წელს სარეკონსტრუქციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საწარმომ გამოუშვა 25 სახეობის პროდუქცია. საწარმოს წარმადობა 2015 წლიდან დღემდე 50-60 პროცენტითაა გაზრდილი და წელიწადში 10 მლნ აგურს შეადგენს. ამასთან, საწარმო, მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, 2022 წლისთვის აპირებს გამოუშვას 15 მლნ აგური. რეკონსტრუქციის შედეგად განხორციელებულმა ინვესტიციამ 3 მლნ ლარამდე შეადგინა. კომპანიას დაუფინანსდა საბანკო კრედიტის პროცენტი დაახლოებით 403,000 ლარის ოდენობით. სულ საწარმოში დასაქმებულია 150 ადამიანი. საწარმო ენერგოხარჯების შემცირების მიზნით მზის ელექტროსადგურის მშენებლობას გეგმავს.
პროექტის ღირებულება 2,5 მლნ ლარია, საიდანაც პროგრამის “აწარმოე საქართველოში” მიერ გაწეული დაფინანსება 2,1 მლნ ლარია. მზის პანელების მონტაჟი 2021 წლის ოქტომბერში დაიწყება. პრემიერ-მინისტრთან ერთად კომპანია “მეტეხის კერამიკა” დაათვალიერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა კასპში, საწარმო ,,მეტეხის კერამიკა” დაათვალიერა
14/09/2021