პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

09/02/2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაცვის ახალი მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა. ახალ მინისტრს თავდაცვის სამინისტროში ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დახვდა, რომელმაც მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი; მისი მოადგილეები; სარდლები; გენერალური შტაბის დეპარტამენტების უფროსები და სამოქალაქო ოფისის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები დაესწრნენ. პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ღირსეული სამსახურისთვის, ქვეყნის წინაშე ერთგულებისთვის და თითოეულ ჯარისკაცს თანადგომა აღუთქვა. ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრის მდიდარი პოლიტიკური და პროფესიული გამოცდილება ხაზგასმით აღნიშნა და იმედი გამოთქვა, რომ ის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით წარმატებით გააგრძელებს უწყების მიერ დასახული გეგმებისა და რეფორმების განხორციელებას. მან ყოფილ მინისტრს – ჯუანშერ ბურჭულაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული ნდობის შედეგად ირაკლი ჩიქოვანი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრად გუშინ დაინიშნა. იგი 2020-2023 წლებში იყო პარლამენტის მე-10 მოწვევის წევრი ზუგდიდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, ასევე ის ასრულებდა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის მოვალეობას. ირაკლი ჩიქოვანი 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით საარჩევნო ბლოკიდან „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”. მას დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასევე – ნატოს თავდაცვის კოლეჯი. ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0