პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნა

14/05/2021

დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად რეაბილიტირებული ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თეატრი გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს” დახმარებით.

„მე მინდა ყველას მოგესალმოთ. მთავრობის წევრებს, პარლამენტის წევრებს, თეატრის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ოზურგეთის საზოგადოებას. მე მინდა დღევანდელი დღე მოგილოცოთ ყველას. დღეს არის მართლაც დიდი ზეიმი. ოზურგეთს ამშვენებს ეს უნიკალური თეატრი, რომელიც 150 წელს ითვლის. ეს სილამაზე, ეს დიდებული თეატრი, როგორც ბატონმა ვასილმა აღნიშნა, გარემონტდა უშუალოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით და ფონდი „ქართუს” დახმარებით. მე მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ სულ ახლახან მოედნის მეორე მხარეს სიმბოლურად გავხსენით სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრის სტელა, ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელობის. კიდევ ერთხელ მოვიგონეთ ეს დიდებული ადამიანი. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ვართ მართლაც გამორჩეული ხალხი და გურია მინდა განსაკუთრებულად გამოვყო გამორჩეული ნიჭიერებით. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ფენომენი სწორედ კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, თუ რაოდენ გამორჩეული მხარეა გურია და გურული ხალხი. მე მინდა ყველას მოგეფეროთ დიდი სიყვარულით, სითბოთი და პატივისცემით. დიდი მადლობა, გილოცავთ კიდევ ერთხელ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რეაბილიტაციის შედეგად, ოზურგეთის თეატრი ულტრათანამედროვე ხმის და განათების სისტემებით აღიჭურვა. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად; შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, მასში ფუნქციონირებს მსახიობთათვის საგრიმიორო, სარეკვიზიტორო, სადურგლო საამქროები, აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. თეატრში არის სხვადასხვა სარეპეტიციო სივრცე, ხმის ჩამწერი სტუდია, ოთახები მუზეუმისთვის, სამხატვრო სადეკორაციო – სახელოსნოსთვის, მცირე დარბაზი – ექსპერიმენტული სცენა, რომელსაც დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია; შენობა ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. თეატრს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავასთან, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრ თეა წულუკიანთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის ახლად რეაბილიტირებულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში წარმოდგენას – „მონატრება- ნუ გააღვიძებ” დაესწრო, რომელიც ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დაიდგა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0