პრემიერ-მინისტრმა „ელჩების კონფერენცია 2019“-ის მონაწილეებს მიმართა

17/12/2019

წელს, გაწევრიანებიდან 20 წლის შემდეგ, საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. შესაბამისად, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პლატფორმა გამოვიყენოთ შედეგიანად და აქტუალურად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს საქართველოს აძლევს საშუალებას, ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დააყენოს დღის წესრიგში, ყველას დაანახოს დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ასევე ის გამოწვევებიც, რომელსაც ქვეყანა ყოველდღიურად ეხება. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას დიპლომატიურ კორპუსს 2019 წელს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მინდა ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს მადლობა გადავუხადო2019 წელს გაწეული შრომისთვის. ეს ძალზე მნიშვნელოვანი წელი იყო. მიღწევები გვქონდა საკმაოდ ბევრი, შედეგიანი, მაგრამ შემდეგი წელი იქნება ასევე ძალზედ მნიშვნელოვანი და აქტიური.

ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის პირობებში, გვაქვს საშუალება, ჩვენი ქვეყნისთვის აქტუალური საკითხები დავაყენოთ დღის წესრიგში და ყველას დავანახოთ დემოკრატიზაციის ის დონე, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და ის გამოწვევებიც, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვეხებით”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და შესაბამისი სტრატეგია დამტკიცდა მთავრობისა და პარლამენტის მიერ, რაც, გიორგი გახარიას განცხადებით, დიპლომატიურ კორპუსს საშუალებას აძლევს, ბევრად უფრო სისტემურად იმუშაოს.

„დიპლომატიურ კორპუსს მინდა მივულოცო. წელს იყო პირველი წელი, როდესაც ჩამოყალიბდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკა, როგორც სტრუქტურირებული ფორმატი და სტრატეგია, რომელიც დამტკიცდა ჯერ მთავრობის, შემდეგ პარლამენტის მიერ. ეს პირველად მოხდა და ეს აძლევს საშუალებას დიპლომატიურ კორპუსს, ბევრად უფრო სისტემურად, გააზრებულად და სტრუქტურირებულად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ მივაღწიოთ ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ოკუპაციაზე, როგორც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდ გამოწვევაზე. გიორგი გახარიას თქმით, არაღიარების პოლიტიკა რჩება და დარჩება შედეგის მიღწევამდე, ქვეყნის ერთიანობის აღგდგენამდე, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი მიმართულება.

„არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად გადალახა საოკუპაციო ხაზი და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს არც ერთი ის მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საოკუპაციო ხაზს მიღმა და ჩვენი ყველა ქმედება და ნაბიჯი უნდა იყოს გადადგმული ამის გათვალისწინებით. ყველა ის შედეგი, იქნება ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთაშორისო პლატფორმები, რასაც ჩვენ ვაღწევთ ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ზრუნვაა ყველა იმ მოქალაქეზე, რომელიც საოკუპაციო ხაზის მიღმა ცხოვრობს.

რა თქმა უნდა, არასდროს უნდა დაგვავიწყდეს ისეთი შემთხვევები, როგორიც დღეს გახლავთ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელმაც თავისი საქმის შესასრულებლად საოკუპაციო ხაზი გადალახა და დღეს არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ჩართულია ამ ადამიანის დასახსნელად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პატარ-პატარა შემთხვევებისგან შედგება ის სურათი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს რეალურად დავანახოთ, თუ რა არის საოკუპაციო ხაზი და რას ნიშნავს ცხოვრობდე ქვეყანაში, რომელშიც ასეთი, ყოველდღიური პრობლემები ექმნება თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიტიკა უნდა იყოს ცივი, გონიერი და ყველა ნაბიჯი გადაიდგას, რათა საქართველოს ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს.

„ჩვენ ამ მიმართულებით უნდა გვესმოდეს ერთი რამ, ყველაფერი მისაღებია ომის გარდა. ჩვენი პოლიტიკა უნდა იყოს აბსოლუტურად ცივი, გონიერი და ჩვენ ყველა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის ერთიანობა საბოლოოდ აღდგეს. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ და უნდა გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ომის გარდა. ჩვენ ეს ვალდებულება გვაქვს აღებული და ამ ვალდებულებებს უნდა მივყვეთ და შევასრულოთ”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყნის საშინაო და საგარეო გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. გიორგი გახარიას განცხადებით, სამუშაო ადგილების შექმნა, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე, ქვეყნის გარეთ არის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი.

„უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის ეკონომიკურ განზომილებას. ჩვენი ქვეყნის გამოწვევები უახლოესი წლების განმავლობაში იქნება სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება და განათლება. უნდა გვესმოდეს, რომ სამუშაო ადგილების შექმნა ჩვენი მოქალაქეებისთვის, როგორც ქვეყნის გარეთ, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ასევე, ქვეყნის შიგნით, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, რომელზეც კონცენტრირებულად უნდა მუშაობდეს სრულიად დიპლომატიური კორპუსი. ეს ის ამოცანებია და მიზნებია, რომლის გადალახვის გარეშე ქვეყნის შემდგომი განვითარება ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – სამუშაო ადგილები, განათლება და უსაფრთხოება. დარწმუნებული ვარ, ჩვენს დიპლომატიურ კორპუსს შესწევს უნარი და მზად არის უაღრესად მნიშვნელოვანი, წარმატებული ფუნქცია შეასრულოს ამ გამოწვევების გადალახვაში,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

„ჩვენთვის პრიორიტეტია ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ეს გაფორმებულია ჩვენს კონსტიტუციაში და ამას ჩვენი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, ჩვენ მიზანმიმართულად გავაგრძელებთ სვლას ამ მიმართულებით. ჩვენ მზად ვართ და აუცილებლად მჭიდრო კავშირი გვექნება ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობასთან. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები არის საქართველოს უმთავრესი პარტნიორი. დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე მაღალი დონის ურთიერთობა, არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, დაწყებული ეკონომიკური, პოლიტიკური განზომილებით, უსაფრთხოების განზომილებით – ეს არის ძალზედ მნიშვნელოვანი და ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება მზად, შეასრულოს თავისი როლი ამ რეგიონში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რას ნიშნავს ეს შავი ზღვის კონტექსტში და რამდენად აქტუალურია დღეს ის გამოწვევები, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი შავ ზღვაზე ხედავს”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ყურადღება უნდა გამახვილდეს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოსთან თანამშრომლობაზე.

„ეს არის ის მიმართულება, სადაც ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული პერსპექტივა, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ და, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ პირველი ვიზიტები სწორედ ამ მიმართულებით განხორციელდა და ამას ჰქონდა აბსოლუტურად გააზრებული მიზანი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ღირსეული დაბრუნება სამშობლოში. საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, წარმატებული ნაწილი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ხალხი წარმატებულად დაბრუნდეს და ემსახუროს თავის ქვეყანას”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0