საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ახალი მინისტრი მიხეილ სარჯველაძე წარადგინა. როგორც ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა განუცხადა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ სარჯველაძის დანიშვნისას მთავარი კრიტერიუმი კომპეტენცია და კეთილსინდისიერება იყო.
„დღეს სამინისტროში წარვადგინე ბატონი მიხეილ სარჯველაძე, მქონდა შეხვედრა სამინისტროს წარმომადგენლებთან. კიდევ ერთხელ ვისაუბრე იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გვქონდა საკმაოდ ფართო, ინდივიდუალური კონსულტაციები, ვიდრე არჩევანი შეჩერდებოდა ბატონ მიხეილზე. მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, არის კომპეტენცია და კეთილსინდისიერება, რაც განსაკუთრებულად გამოარჩევს ბატონ მიხეილს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ის იქნება საუკეთესო მინისტრი, რომელიც არაჩვეულებრივად გაუძღვება იმ საქმეს, რომელიც დაკავშირებულია ამ სამინისტროს საქმიანობასთან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.