პრემიერ-მინისტრმა და Bank of China Group-ის თავმჯდომარემ ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებაზე ისაუბრეს

04/11/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამუშაო ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა შანხაიში Bank of China Group-ის თავმჯდომარე ჩენ სიქინგთან გამართა. საუბრისას, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე, რომლის კიდევ უფრო განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებამ. აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებები ერთდროულად გაფორმებული აქვს ჩინეთსა და ევროკავშირთან, რაც ქართულ კომპანიებს, ისევე, როგორც საქართველოში ინვესტირებით დაინტერესებულ ბიზნესმენებს, მრავალრიცხოვან ბაზრებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ მისასალმებელია ჩინური კომპანიების მზარდი ინტერესი საქართველოში ინვესტირების კუთხით. საუბარი ასევე შეეხო ფინანსურ სექტორში ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებით არსებულ პოტენციალს და მისი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და Bank of China Group-ის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ, სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და Bank of China-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი, რომელსაც ხელი სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა და ბანკის წარმომადგენელმა ლინ შენგიანგმა მოაწერეს, საქართველოსა და ჩინეთის მცირე და საშუალო ბიზნესებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების ხელშეწყობას, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებას ისახავს მიზნად.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის პირველი გამოფენისა და ჰონგციაოს საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ფორუმის გახსნის ცერემონიაში. დაგეგმილია მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლა საერთაშორისო ფორუმის დისკუსიაზე, რომლის სახელწოდებაა “ვაჭრობა და ინვესტიციები”. მთავრობის მეთაური ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ასევე დაათვალიერებს ქართულ პავილიონს, რომელშიც 53 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0