საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაკურიანში ბიატლონის ახალი, 3.5 კმ-იანი ტრასა გახსნა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მომზადებული ზამთრის ოლიმპიური ფესტივალისთვის, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებით მორიგი წინგადადგმული ნაბიჯია. პრემიერის შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურა გააჩენს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ზამთრის სპორტის სახეობები და ქართველმა სპორტსმენებმა ამ სფეროში მეტ წარმატებას მიაღწიონ.
„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის სახეობების განვითარება. ზამთრის სპორტი ცოტა ჩამორჩება ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებს. ახალი ინფრასტრუქტურა მოგვცემს საშუალებას, რაც შეიძლება სწრაფად განვავითაროთ ზამთრის სახეობები და მომავალში ამ სფეროში უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ. ახალი ინფრასტრუქტურა ასევე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევძლოთ მრავალი სხვა ტურნირის მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ კომიტეტს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და სამუშაოების მაღალ დონეზე შესრულებაში ჩართულ ყველა ადამიანს მადლობა გადაუხადა. ბიატლონის ახალი ტრასის გახსნის ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანში ბიატლონის მოედნისა და თხილამურებით რბოლის (Cross Country) 3.5 კმ სიგრძის ტრასის მშენებლობა დაასრულა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ჯამურმა ღირებულებამ 18.2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.