საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც მგზავრთნაკადის გამტარობის გაზრდას ისახავს მიზნად. საუბარი შეეხო ზაფხულის სეზონისთვის მზადების პროცესს და აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა იგეგმება. ხაზი გაესვა ტურიზმის მზარდ მაჩვენებლებს და მიმდინარე წლისთვის ამ კუთხით არსებულ მოლოდინებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, აეროპორტების ინფრასტრუქტურა მზად იყოს გაზრდილი მგზავრთნაკადის კომფორტული მომსახურებისთვის. კომპანიის ხელმძღვანელმა პირებმა პრემიერ-მინისტრს მიაწოდეს ინფორმაცია ბოლო პერიოდში განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნეს, რომ უახლოეს პერიოდში იგეგმება ჩამოფრენის ტერმინალის გაფართოების სამუშაოები, რაც სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე რიგების შემცირებას შეუწყობს ხელს. შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო TAV Airports Holding-ის მენეჯმენტში განხორციელებულ ცვლილებებს. აღინიშნა, რომ ჰოლდინგის უმსხვილესი აქციონერია ფრანგული ADP ჯგუფი, რომელიც TAV Airports-თან ერთად მსოფლიოს 33 ქვეყნის 110 აეროპორტშია წარმოდგენილი..
პრემიერ-მინისტრი TAV Airports Holding-ის დელეგაციას შეხვდა
14/03/2024