პრემიერ-მინისტრი უშგულის მოსახლეობას რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა

04/02/2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს უშგულში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაური უშგულის ლამარიას – ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ეზოში ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, მათ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობისგან წინადადებები მოისმინა. ადგილობრივების ძირითად პრობლემას გზების მოწესრიგება, უძველესი კოშკების აღდგენა-გამაგრება, წყლის სისტემის გაუმართაობა და ელექტრობოძებისა და გაყვანილობის რეაბილიტაცია წარმოადგენს.
მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ 2019-2020 წლებში რეგიონში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, რისთვისაც 100 მილიონი ლარია გამოყოფილი.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უშგულში ტურიზმი სწრაფად ვითარდება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სჭირდება. მამუკა ბახტაძემ უშგულის ურბანულ განახლებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ უკვე დასრულებულია მუშაობა გენერალურ გეგმაზე, რაც უშგულის გეგმაზომიერ განვითარებას შეუწყობს ხელს, ისე, რომ უძველესი სახლებისა და კოშკების პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. პრემიერმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ადგილობრივების მაქსიმალური ჩართულობისა და თანადგომის მნიშვნელობას. მოსახლეობა ასევე დაინტერესდა პროგრამით, რომელიც საოჯახო სასტუმროების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პრემიერ-მინისტრმა მათ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
უშგულის მცხოვრებლების თხოვნის შესაბამისად, მთავრობის მეთაურმა შესაბამის უწყებებს უკვე დაავალა, რომ ელექტროენერგიის მიწოდებისა და წყალმომარაგების სისტემაში არსებული შეფერხებები უახლოეს მომავალში აღმოიფხვრას.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0