საქართველოს პრემიერ-მინისტრი ფოთის საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრის გახსნის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელ მიხეილ ხიდურელთან და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანთან ერთად მეთევზეებს შეხვდა.
პრემიერი მეთევზეებს ესაუბრა იმ სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შესახებ, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ხორციელდება. გარდა ამისა, მთავრობის მეთაურმა მეთევზეებისგან მოისმინა, თუ რა საკითხში სჭირდებათ მათ მეტი თანადგომა სახელმწიფოს მხრიდან, რათა არსებული სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეთევზეებმა უკეთ შეძლონ საქმიანობა. აღნიშნული მხარდაჭერა შეეხება როგორც თევზსაჭერი გემის შესყიდვაში მხარდაჭერას, ასევე სხვადასხვა საჭირო ინფრასტრუქტურის თანადაფინანსებას. მეთევზეებთან შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა სამმხრივ მემორანდუმს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში”, კომპანია „თი-ბი-სი ლიზინგსა” და თევზსაჭერი გემის მფლობელს შორის, რომლის თანახმად, პროგრამის – „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში პირველი თევზსაჭერი გემის მშენებლობა დაფინანსდება. სახელმწიფო პროგრამისთვის „აწარმოე საქართველოში” თევზჭერის მიმართულების დამატება ხელს შეუწყობს თევზმჭერი ფლოტის მნიშვნელოვნად განახლებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საბანკო სექტორი, მეთევზეთა ასოციაცია, მცირე მეთევზეები და მეთევზე ლიცენზიანტები დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრი მეთევზეებს შეხვდა
27/10/2020