პრემიერ-მინისტრი, ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

20/05/2021

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელ დირექტორს აბდელატიფ გედირას შეხვდა. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში ზეთისხილის გაშენებისა და ზეითუნის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებს და სამომავლო პერსპექტივებს. აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეითუნის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეითუნის ზეთი. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეითუნის ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას. შეხვედრას ესწრებოდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელი საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში გიორგი სვანიძე. საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება. საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0