პრემიერ-მინისტრი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

06/09/2016

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში, გენერალ გარი ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტს შეხვდა.
საუბარი უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.
გენერალს, რომელიც დიდ ბრიტანეთში, უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ექსპერტია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული სიტუაციური ოთახის შექმნისა და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სტრუქტურირების პროცესში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ბრიტანული მოდელის მიხედვით შექმნილი ეროვნული სიტუაციური ოთახი, სხვადასხვა უწყების მჭიდრო კოორდინაციის საშუალებას იძლევა, რაც ხელს უწყობს კრიზისულ სიტუაციებთან მაქსიმალურად ეფექტურად გამკლავებას. შეხვედრისას ყურადღება უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებსაც დაეთმო.
გიორგი კვირიკაშვილმა, დიდი ბრიტანეთის ახალ ელჩს საქართველოშ, წარმატებული საქმიანობა უსურვა და ხაზი გაუსვა დიდ ბრიტანეთთან ორმხრივი პარტნიორობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.
გენერალი და ელჩი, ასევე, საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგითა და წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობით დაინტერესდნენ.
შეხვედრას საქართველოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელი მინდია ჯანელიძე დაესწრო.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0