პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ესაუბრა

21/12/2018

საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმები და ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაცია იყო მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრაზე, რომელიც დღეს ტექნოლოგიურ პარკში გაიმართა.
პრემიერმა ისაუბრა განხორციელებულ რეფორმებზე და იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. საუბარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტები დაინტერესდნენ, რა გზა გაიარა ქვეყანამ და რა ცვლილებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ საქართველო განვითარებული ქვეყნების რიცხვს შეუერთდეს.
პრემიერ-მინისტრმა სტუდენტებს გააცნო ის მთავარი პრიორიტეტები, რასაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით ახორციელებს. მამუკა ბახტაძემ ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეფორმა, რომელიც ქვეყანაში განხორციელდება, განათლებას შეეხება. პრემიერის თქმით, მთავრობა მას აბსოლუტურ პრიორიტეტად აცხადებს და დგამს ნაბიჯებს იმისთვის, რომ განათლება ქვეყნის ეკონომიკაში დომინანტი სექტორი გახდეს.
შეხვედრაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი მონაწილეობდა.
აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტის 30 სტუდენტი, ფაკულტეტის მრჩეველთან ერთად, საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება. მათ დაგეგმილი აქვთ შეხვედრები როგორც სახელისუფლებო, ასევე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან, რათა უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ქვეყნის მიერ განვლილი გზისა და განხორციელებული რეფორმების შესახებ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0