პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

19/06/2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა 10 საკითხი განიხილეს. განსახილველ საკითხთა შორის იყო „2023 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციის ძვირადღირებულ ოპერაციას სრულად დააფინანსებს. აქამდე მოქმედი პროგრამით, ღვიძლის ტრანსპლანტაცია დადგენილი ტარიფის ფარგლებში ფინანსდებოდა არა უმეტეს 70 000 ლარით, პაციენტის თანაგადახდის წილი კი, 50 000 ლარს შეადგენდა. მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სერვისების ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის კომპონენტს თანაგადახდის წილი მთლიანად მოეხსნა და ჯანდაცვის სამინისტრო მომსახურებას სრულად – 120 000 ლარით დააფინანსებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ორგანოგადანერგილი პირები შშმ სტატუსის დადგენის უფლებით ვერ სარგებლობდნენ, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა მიმდინარე წლის იანვარში და ღვიძლის, გულის ან თირკმლის გადანერგვა მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის საფუძველს წარმოადგენს. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებმა განიხილეს საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”, რომლის საფუძველზეც 2023 წლის 1 ივლისიდან გაიზრდება ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 150 ლარიდან 200 ლარამდე თითოეულ 16 წლამდე ასაკის ბავშვზე.
აღნიშნული ცვლილება შეეხება დაახლოებით 233 000 ბავშვს. პროგრამის ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ლარამდეა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0