პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. საბჭოს წევრებმა ღონისძიებების შემდგომ შემსუბუქებასთან დაკავშირებით იმსჯელეს, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად განხორციელდება. სხდომაზე, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით განაცხადი უკვე ასობით კომპანიამ გააკეთა, სადაც ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და უსაფრთხოების წესების დაცვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები მაქსიმალურად მოკლე ვადებში შეამოწმებენ. ფუნქციონირება განაახლა უკვე ათობით საწარმომ, რომელმაც წესები დააკმაყოფილა. მუშაობის პროცესში ისინი პერიოდულად რამდენჯერმე გადამოწმდებიან. იმ საწარმოებში კი, სადაც ხარვეზები გამოვლინდა, ინსპექტირება დამატებით განხორციელდება. საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ასევე განიხილეს სასურსათო და სამედიცინო საშუალებების მარაგების კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა, რაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის კოორდინაციით ხორციელდება. მინისტრმა განმარტა, რომ მარაგების კუთხით ქვეყანაში პრობლემა არ არსებობს. უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ გრძელდება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, დღეს მორიგი სპეციალური რეისი მადრიდიდან შესრულდება. სპეციალური რეისების შედეგად, რომლებიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება, სამშობლოში უკვე დაბრუნდა 8 563 მოქალაქე, ხოლო 17 072 მოქალაქეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე გაუწიეს დახმარება. ახლო მომავალში, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისები შემდეგი განრიგით განხორციელება:
1 მაისი – ვენა-თბილისი
2 მაისი – პრაღა-ბათუმი
5 მაისი – ათენი-თბილისი
7 მაისი – ამსტერდამი-თბილისი
9 მაისი – ბერლინი-თბილისი
სხდომაზე ასევე განიხილეს ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 178 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 6 ადამიანი. ინფიცირებულ პირებს შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 5256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ინტენსიურად, განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.