პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. საქართველოს დელეგაცია მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც დუბაიში იმართება.
პრემიერ-მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად, დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრს ეწვია, სადაც სულ მალე საინვესტიციო შეხვედრა ოფიციალურად გაიხსნება. გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე: „Global Leaders Debate.”
პრემიერ-მინისტრი მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობს და მიაწვდის ინფორმაციას ეკონომიკის განვითარებისა და ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი ინიციატივების შესახებ.
დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო შეხვედრას, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, უმაღლესი თანამდებობის პირები, უმსხვილესი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებიან.