პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე

09/04/2024

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოში რეგისტრირებული ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატის დღეებში საქართველოდან გერმანიის ქალაქების – დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით არსებული ფრენების სიხშირის გაზრდისა და რეისების დამატების შესაძლებლობა განიხილა. ასევე განხორციელდა მოლაპარაკებები უცხოურ ავიაკომპანიებთან, რომლებიც რეისებს ახორციელებენ საქართველოსა და გერმანიის ქალაქებს შორის.

“პრემიერ-მინისტრის დავალებით, აქტიურად ვმუშაობთ გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი ფასებით ფრენების დანიშვნაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, უზრუნველვყოთ ჩვენი გულშემატკივრების პირდაპირი ფრენებით და ხელმისაწვდომი ფასებით გადაადგილება იმისთვის, რომ მათ შეძლონ და უგულშემატკივრონ ჩვენი ნაკრების ყოველ მომდევნო გამარჯვებას. სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ყველა ავიაკომპანიასთან, რათა საქართველოს მთავრობას ჰქონდეს სწორი სამოქმედო გეგმა და ხედვა, თუ როგორ შეიძლება მოხდეს კიდევ უფრო მეტი პირდაპირი ფრენის სტიმულირება ხელმისაწვდომი ფასებით,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0