პრემიერმა შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

08/08/2019

ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც – სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, – ამისშესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინდისში განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ეს დღე არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემს გვერდით იმყოფება თანამედროვეობის გმირი ადამიანი, ბატონი ახმეტა ხუციშვილი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბიჭები. ამ ადამიანის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს თაობები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შინდისში იმყოფებოდა ასევე კინოპროდიუსერი, პროექტ “შინდისის” ავტორი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდების ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და გადაიღო ფილმი შინდისელი გმირების შესახებ, რომელიც წარდგენილია მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზე.

“მსურს მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. ჩვენი ამოცანაა, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო არის გმირების სამშობლო და ქართველი ერი ოკუპაციას არასდროს შეურიგდება”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი შინდისში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0