პრემიერმა ტალებ რიფაის ღირსების ორდენი გადასცა

05/04/2017

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი ღირსების ორდენით დაჯილდოვდა, – ჯილდო ტალებ რიფაის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ შეხვედრაზე გადასცა. ტალებ რიფაი ღირსების ორდენით ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოში ტურიზმის განვითარების მხარდაჭერისა და საზღვარგარეთ საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დაჯილდოვდა. ტალებ რიფაიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი ჯილდოს მიღება მისთვის დიდი პატივია.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმატებულ თანამშრომლობას. გიორგი კვირიკაშვილმა გენერალურ მდივანს კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ, მისი ლიდერობით, მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. გიორგი კვირიკაშვილმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა ტალებ რიფაის წვლილი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის გაძლიერებაში. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხარს დაუჭერს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე საქართველოს მიერ წარდგენილ – ელჩ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას. გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ პოლოლიკაშვილი იქნება ღირსეული მემკვიდრე, რომლის არჩევით ტურიზმის სექტორი მომავალშიც განაგრძობს დინამიურად განვითარებას, ხოლო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია კიდევ უფრო გაძლიერდება.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0