“მინდა ყველას მივულოცო შობის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა, მომავლის რწმენა” – ასე მიულოცა პრემიერ-მინისტრმა შობის ბრწყინვალე დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას.
გიორგი კვირიკაშვილი სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას მეუღლესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.
სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. საზეიმო წირვის დაწყებამდე პატრიარქის საშობაო ეპისტოლე წაიკითხეს.
“ჩვენმა პატრიარქმა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა ეპისტოლეში. როგორიც არის ოჯახის მნიშვნელობა, ოჯახის სიმყარის მნიშვნელობა, როგორიც არის სიყვარულის ნაკლებობა დღევანდელ მსოფლიოში, როგორიც არის რწმენის და სასოების ნაკლებობა. დღეგრძელობას გისურვებთ და ბედნიერი, მშვიდობიანი და მომავლის რწმენით განსმჭვალული 2016 დამდგარიყოს ყველა თქვენგანისთვის” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
საზეიმო წირვის დაწყებამდე, გიორგი კვირიკაშვილი საპატრიარქოს ეწვია და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს დამდეგი შობა პირადად მიულოცა.