პრემიერმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს უმასპინძლა

08/03/2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტებს პამელა ვიპონდსა და გილბერტ ფელის უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში მთის კურორტების მდგომარეობის, პოტენციალისა და სამომავლო პერსპექტივების შესასწავლად იმყოფებიან. მათი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახის შეხვედრისას მიიღეს, რომელიც 2018 წლის იანვარში ქალაქ ლოზანაში გაიმართა. პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებს – ვიზიტისთვის, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ თომას ბახს სწრაფი რეაგირებისა და საქართველოში ექსპერტთა ჯგუფის მოკლე ვადაში გამოგზავნისთვის დღეს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მათ შეფასებებსა და შვეიცარიის გამოცდილების გაზიარებას მთის კურორტების განვითარების პროცესში დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობების განვითარებას და ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ემსახურება. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ექსპერტები, რომლებმაც გუდაურში, ყაზბეგში, ბორჯომსა და ბაკურიანში არსებული მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა შეისწავლეს, ანალიზის შედეგად რეკომენდაციებს შეიმუშავებენ. მათი შეფასებების საფუძველზე კი საქართველოს მთავრობა შეიმუშავებს სამოქმედო გეგმას, რა მიმართულებების განვითარებაზე უნდა დაიხარჯოს მეტი რესურსი, რათა ქვეყანამ პერსპექტივაში ზამთრის სპორტულ ოლიმპიადას უმასპინძლოს.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0