საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლიანი მთავრობა და საქართველო არის სტაბილური ქვეყანა, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ივან სკალფაროტოსა და იტალიის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, რომლებსაც ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს აქვს წარმატების ისტორია, რომლის გაზიარებაც შეუძლია მეგობარი იტალიისთვის, რომელიც, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და საგარეო-პოლიტიკური მისწრაფებების ერთ-ერთი უდიდესი მხარდამჭერია. მთავრობის მეთაურმა იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს და 40-მდე უმსხვილესი იტალიური კომპანიის წარმომადგენლებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა გააცნო ცვლილებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებით განხორციელდა. გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა ქვეყანაში არსებულ “შესანიშნავ საინვესტიციო გარემოსა და შთამბეჭდავ წარამატებებზე”, რომლებიც საერთაშორისო რეიტინგებშიც აისახა. მისი თქმით, საქართველო არის გასასვლელი ჯამურად 2 მილიარდზე მეტი მომხმარებლის ბაზარზე, რამდენადაც აქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები ევროკავშირთან და მეზობელ ქვეყნებთან, სულ ახლახან კი საქართველოს თავისუფალი სავაჭრო პარტნიორი ჩინეთი გახდა. მთავრობის მეთაურმა იტალიური ბიზნესწრეების წარმომადგენლებს ასევე დეტალურად გააცნო ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმა, რომელიც განათლების სისტემის, ეკონომიკურ რეფორმებს, მმართველობის რეფორმას და სივრცითი მოწყობის მიმართულებას მოიცავს და 3-4 წლის პერსპექტივაში ქვეყნის ძირითადი მაჩვენებლების ხარისხობრივ ცვლილებას ემსახურება. პრემიერის თქმით, ყველა ნაბიჯი, რომელსაც ხელისუფლება დგამს, საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით მთავრობის ერთიანი ხედვის ნაწილია. გიორგი კვირიკაშვილმა, საუბრისას, ყურადღება გაამახვილა საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებებზე საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით, ასევე ისაუბრა ევროკავშირსა და ნატო-სთან თანამშრომლობაზე. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყანაში სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების გასაღებია. “სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ უფრო კონსტრუქციული მიდგომა რუსეთთან მიმართებაში. ოკუპაცია რჩება საქართველოს მთავარ გამოწვევად. ტერიტორიული მთლიანობა ჩვენი მთავრობის დღის წესრიგის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. სამწუხაროდ ჩვენ, ჩვენს ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონებზე გავლით საზღვრების აღმართვის მომსწრენი ვართ. მაგრამ გვჯერა, რომ ჩვენი ძალიან კონსტრუქციული, ძალიან თანმიმდევრული მიდგომითა და სტრატეგიული პარტნიორების დახმარებითა და ჩართულობით, მშვიდობიანი გზით გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას. სტაბილურობა ასევე მნიშვნელოვანია ინვესტიციებისთვის. ჩვენმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ჰყავს პასუხისმგებლობიანი მთავრობა და რომ საქართველო არის სტაბილური ქვეყანა. მიუხედავად ჩვენი გამოწვევებისა, ჩვენ ვაფასებთ იმ სტაბილურობას, რომელსაც მივაღწიეთ და გვესმის ქვეყნის განვითარებისთვის ამ სტაბილურობის მნიშვნელობა. ასე, რომ მივესალმებით თქვენს ჩამოსვლას საქართველოში და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას იტალიასთან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. იტალიის ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ მისი და იტალიური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოში წარმატების ახალი ისტორიის შექმნის საფუძველი გახდება. “მოხარული ვარ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით ვითარდება – ეს არის ძალიან მიმზიდველი ეკონომიკური ცენტრი და დემოკრატიისა და სტაბილურობის კუნძული, ამ ტურბულენტურ გარემოსა და სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონში – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე”, – განაცხადა ივან სკალფაროტომ. ოფიციალურ ვახშამს საქართველოს მთავრობის წევრები, 40-მდე უმსხვილესი იტალიური კომპანიისა და საქართველოს ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პრემიერმა იტალიის დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა
04/10/2017