პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან შეხვედრა შედგა.
როგორც პრემიერმა შეხვედრაზე განაცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი მაქსიმალური კომუნიკაცია და ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობაა.
„ძალიან მოხარული ვარ დღევანდელი შეხვედრით. მთავარი მიზანი ჩვენი შეხვედრის არის მაქსიმალური კომუნიკაცია და ჩართულობა ბიზნესწრეების, მთავრობის მხრიდან ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და არა მხოლოდ ეკონომიკური პროფილის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში“,- განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან ბიზნეს ასოციაციის წევრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, თუ რა სჭირდება ქვეყანას და ეკონომიკას.
„მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის რასაც თქვენ აკეთებთ ქვეყნისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ჩვენი შეგრძნებები არის ის, რომ ჩვენი გადაწყვეტილებები უნდა იყოს გამოძახილი იმისა, თუ რა სჭირდება დღეს ქვეყანას, ეკონომიკას, თითოეულ ეკონომიკურ სუბიექტს და ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვიცოდეთ თქვენი აზრი იმ მიმართულებების შეფასებისას, თუ საით მივდივართ ჩვენ, რა არის ჩვენი სტრატეგია, მოკლევადიანი და გრძელვადიანი ამოცანები და ეს ჩართულობის სულისკვეთება მთლიანად უნდა გასდევდეს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას.
მინდა, რომ ყველა თქვენთაგანი ასევე გრძნობდეს, რომ ის არის მნიშვნელოვანი ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში“, – მიმართა პრემიერმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს.