საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქალაქ გორში, გურამიშვილის ქუჩაზე, ახალი სასტუმროს მშენებლობა დაათვალიერა. სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი მთავრობის მეთაურს კომპანია „ინნ ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ გააცნო. მისი თქმით, შვიდ სართულიანი სასტუმროს პროექტს კომპანია სახელმწიფოს თანადაფინანსებით ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 20 მლნ. ლარს აღემატება. 118 ნომრიან სასტუმროში მოეწყობა რესტორანი, ბარი და ლაუნჯი, დახურული საცურაო აუზი, სპა, საუნა, ორი საკონფერენციო დარბაზი და ქართული ღვინის ტრადიციული მარანი, სადაც სტუმრებს შეეძლებათ გაეცნონ ქართულ ტრადიციულ მეღვინეობას. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობის კომპონენტის ბენეფიციარია. კომპანიის მენეჯმენტი მშენებლობის დასრულების შემდეგ 62 ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ვარაუდობს. სასტუმროს გახსნა მიმდინარე წლის აგვისტოში არის დაგეგმილი.
პრემიერი გორში ახალი სასტუმროს მშენებლობის პროცესს გაეცნო
21/05/2022