პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება

08/01/2018

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ბოლო დღეებში ბევრი რამ მოვისმინეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილება − შეიწყალოს დამნაშავე პირი, არის შეუზღუდავი, არის აბსოლუტური და რომ ის არ უნდა დაექვემდებაროს არავითარ კონტროლს საზოგადოების ან, თუნდაც, მართლმსაჯულების მხრიდან, რასაც მე, პირადად, ვერ ვიზიარებ.
სააკაშვილის მიერ ამ კონკრეტულ საქმეზე შეწყალების უფლების გამოყენების კონტროლი უკვე განახორციელა რამდენიმე წლის წინ ისეთმა მართლმსაჯულების ორგანომ, როგორიცაა სტრასბურგის სასამართლო, და მან თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ სააკაშვილის მიერ შეწყალების უფლების გამოყენება ამ საქმეზე იყო მისთვის საოცარი, თუ გნებავთ, შოკისმომგვრელი, როგორც ეს წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში.
როდესაც საქმე ეხება უდანაშაულო ადამიანის მკვლელობას და ამ საქმეზე იხდიან სასჯელს პატიმრები, იქ შეწყალების უფლება არ უნდა გამოყენებულიყო − ეს თქვა სტრასბურგის სასამართლომ, დაეყრდნო რა თურქულ პრეცედენტებს მსგავს საქმეებზე.
აქედან გამომდინარე, დიახ, პრეზიდენტს აქვს ექსკლუზიური უფლება, შეიწყალოს მსჯავრდებულები, რაც უბრალო ენაზე ნიშნავს იმას, რომ მის მეტს არავის აქვს ასეთი უფლება, მაგრამ რა მიზნით და როგორ გამოიყენებს მისთვის მინიჭებულ ამ უფლებას პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ეს კონტროლს ექვემდებარება. შესაბამისად, ვერანაირი მსუსხავი ე.წ. ეფექტი ამ სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ ექნება“.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0