„როდესაც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მან შეარჩია აჭარის მთავრობის პოსტზე კანდიდატი, ის ცდილობს საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში-ეს არის არასწორი”,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განუცხადა.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, გასათვალისწინებელია მარტივი დემოკრატიული პრინციპები.
„როდესაც კონკრეტული პოლიტიკური პარტია არის 2/3-ით წარმოდგენილი კონკრეტულ წარმომადგენლობით ორგანოში, ამ შემთხვევაში უმაღლეს საბჭოში, ამ შემთხვევაში მარტივად ევალებოდა პრეზიდენტს წარმოედგინა ამ პარტიის მიერ დასახელებული თავმჯდომარეობის კანდიდატი. შესაბამისად, აქ საუბარი იმაზე, რომ მარგველაშვილმა შეარჩია კანდიდატი, არის უბრალოდ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რაც არის არასწორი პრეზიდენტის მხრიდან“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, და აღნიშნა, რომ „პრეზიდენტმა უნდა იმოქმედოს კონსტიტუციის შესაბამისად და კომენტარებიც უნდა გააკეთოს კონსტიტუციის შესაბამისად”.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ამ მარტივი მანიპულირებით, პრეზიდენტი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.
„არასწორია საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, მით უმეტეს პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი იტყუება ამ შემთხვევაში. პრეზიდენტს არავინ არ შეურჩევია. ამ შემთხვევაში, მარტივად აისახა აჭარის მოსახლეობის პოლიტიკური ნება იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც ფორმალურად უნდა მიეღო ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, მარგველაშვილს. ამ მარტივი მანიპულირებით პრეზიდენტი ცდილობს, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. მას არ ჰქონდა არავის შერჩევის უფლება და საშუალება. მას უნდა წარმოედგინა ის კანდიდატი, რომელიც არის დასახელებული აჭარის უმაღლესი საბჭოს 2/3 -ის მიერ. მან უნდა სცეს პატივი ინსტიტუტებს. მან უნდა პატივი სცეს, მათ შორის იმ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო. მან ამ შემთხვევაში გამოავლინა ეს უპატივცემულობა და მან პატივი არ სცა აჭარის მოსახლეობის ნებას, როდესაც თავის თავზე დაიბრალა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის „შერჩევა“. ეს არის ტყუილი და სამწუხაროა, როდესაც პრეზიდენტი ასე ექცევა საკუთარ საზოგადოებას”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.