პრეზიდენტმა გორში საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან განიხილა

24/03/2017

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს გორის უნივერსიტეტში სტუდენტებთან დისკუსიის შემდეგ კამპანიის “კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრშიც გამართა შეხვედრა პარტიებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან.
შეხვედრის მოდერაციას პოლიტიკოსი კახა კუკავა ახორციელებდა.
პრეზიდენტმა დისკუსიის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ძირითადად პრეზიდენტის აქტივობებიდან გამომდინარე დაისვა და რომელიც პარლამენტის მიერ მოსმენების კანონზე დადებული ვეტოს დაძლევას, სახელმწიფოს ნარკოპოლიტიკას, სახელმწიფო მოწყობის საკითხებს, საარჩევნო სისტემის ცვლილებას შეეხებოდა.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არ ყოფილა გამოყენებული ვეტო, რომელიც არ დაძლეულა და მერე უკან არ დაბრუნებულა ამა თუ იმ ფორმით.
“პირველი ვეტო გამოვიყენე მოსმენების კანონთან მიმართებაში და ძალიან მალევე საკონსტიტუციო სასამართლომ გააჩერა ეს კანონი. მეტიც, ის ფორმულირება, რაც იმ ვეტოში მქონდა – ორი გასაღების შესახებ, რომ ერთი უნდა ჰქონოდა მოსამართლეს, ზუსტად ეს ფორმულირება ჩაიწერა ახლა ამ კანონში და ბუნებრივია, ეს ჩემთვის მისაღები იყო. მაგრამ მაშინ რომ დაძლიეს ეს ვეტო იყო დიდი ზარ-ზეიმი.
მეორე ვეტო შეეხებოდა საბანკო ზედამხედველობას, ეს ვეტოც დაიძლია, როგორც ქვეყნისთვის ძალიან მავნე ტენდენცია და როგორც ის ტენდენცია, რომელიც არყევდა მაშინ ლარის კურსს და რომელმაც გამოიწვია დევალვაცია. გასაჩივრდა და საკონსტიტუციო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე ლამაზი ხელით გადაწერეს ახლა კანონად, შემოიტანეს და გუშინ მოვაწერე ხელი.
მესამე ვეტო, რომელიც ეხებოდა საერთო სასამართლოებს, ისიც დაიძლია, როგორც მავნე ტენდენცია, საკონსტიტუციო სასამართლომ ორ კვირაში გააჩერა იმ ვეტოს ერთერთი პუნქტით გათვალისწინებული საკითხი.
ახლანდელი ვეტო პირდაპირ ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინების აღსრულებას, იყოს თუ არა
მოსმენების სამსახური საგამოძიებო უწყებაში – ეს მარტივად წერია საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებაში.
მე ვამბობდი, რომ ეს შეიძლებოდა დაქვემდებარებოდა პრემიერმინისტრს, არ უნდა ყოფილიყო პროკურატურაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სუს-ში და სხვა საგამოძიებო სტრუქტურაში. პატივცემულმა დეპუტატებმა არ დაიშურეს სიტყვაკაზმული გამოთქმები, ბოლოს კი, დამდეს ბრალი იმაში, რომ თურმე სახლემწიფოს უსაფრთხოებას ვასუსტებ და ტერორიზმს ვუწყობ ხელს. ახლა ლოგიკა რაშია, როცა ვამბობ, რომ პრემიერმინისტრმა დანიშნოს სამსახურის ხელმძღვანელი ამით ვეტო დავადე ტერორიზმთან ბრძოლას და შევასუსტე ქვეყანა?
ასეთი პათოსით დაიძლია ეს ვეტოც”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტს გუშინდელი სატელევიზიო გამოსვლისას გაკეთებული განცხადების განმარტება მოუწია, რომელიც მეხუთე და მეექვსე ეშელონებს შეეხებოდა.
” მე “ნაციონალურ მოძრაობის” პოლიტიკური ოპონენტი ვიყავი 2003 წლიდან.. როდესაც ზურა ჟვანიასთან ვიყავი… ამ მოძრაობაში პოლიტიკოსების გარდა, არსებობდნენ კიდევ უკანა ეშელონები, რომლებიც შემსრულებლები უფრო იყვნენ და რატომღაც ეს ადამიანები დღეს უკვე “ქართული ოცნების” სახელით წარმოადგენენ პოლიტიკურ პრეტენზიებს. ჩემთვის ეს არის პრობლემა, თორე ამ დისკუსიაში ყოფნა ახლა ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს.
2003-დან 2013 წლამდე “ნაციონალებთან” ვიყავი დაპირისპირებული და მათ მიმართ პოზიცია არ შემიცვლია.
მაგრამ ისინი, უკანა ეშელონები არც ვიცი ვინ არიან, არ მინახია არასდროს.
მაქსიმალურად ვცდილობ ვიყო ზრდილობიანი, მაქსიმალურად ვცდილობ ამ დისკუსიით არ დავღალო ხალხი, მაგრამ როდესაც პრობლემას ვერ წყვეტთ, როდესაც ვერ დაქოქე ეკონომიკა, როდესაც ახალი პროექტი ვერ შემოიტანე, რა თქმა უნდა, კარგია, რომ პრეზიდენტს დააბრალო შპიონაჟი და ტერორიზმის ხელშეწყობა და ეს გახადო სამსჯელო თემა”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუციური რეფორმის თემატიკის გარდა, გორში იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს – ეკონომიკურ პრობლემებზე, მოსახლეობის სოციალური დაცვის გარანტიებზე, უმუშევრობის დაძლევაზე.
„კონსტიტუცია ყველასია“ – ამ სახელწოდებით საპრეზიდენტო კამპანია გიორგი მარგველაშვილმა 13 მარტს თელავიდან დაიწყო, რომლის მიზანი კონსტიტუციის შექმნის პროცესში ხალხის ჩართულობის გაზრდა და კონსტიტუციური ღირებულებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმის განმავლობაში აღნიშნული კამპანიით მთელ საქართველოს შემოივლის.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0