პრეზიდენტი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს შეხვდა

23/06/2016

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს შეხვდა.
გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძემ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, არსებობს მაღალი ინტერესი.

„პრეზიდენტმა, სწორედ, ამ საკითხის მაღალი სენსიტიურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, რომ უშუალოდ მინისტრისაგან მიეღო ინფორმაცია, სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებების შესახებ.
პრეზიდენტმა მინისტრისაგან მიიღო ინფორმაცია, რომ ამ მხრივ პრობლემები არ არსებობს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისი განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის საბაბი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების განცხადება გახდა, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტს საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.
როგორც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, დღეის მდგომარეობით, ყველა პატიმრის, მათ შორის, ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები გარანტირებულია ჩვენს დაწესებულებებში.

„ყველა პატიმარი უზრუნველყოფილია კანონით დადგენილი პირობებით. ამას არაერთხელ გაუსვა ხაზი ყველა საერთაშორისო დამკვირვებელმა, რომელთა უფლებამოსილების ფარგლებშიც პენიტენციარული დაწესებულებების შემოწმება შედის”, – აღნიშნა კახიშვილმა.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0