საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალის“ გენერალურ მდივანს სალილ შეტისს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ქვეყანაში უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებზე იმსჯელეს და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
„ამ კუთხით პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ისაუბრა ხურჩის ინციდენტის შესახებ, როდესაც რუსულ ოკუპაციას კიდევ ერთი ადამიანი შეეწირა და უფრო მეტად გააძლიერა ადამიანთა უფლებების დაუცველობის განცდა აღნიშნულ ტერიტორიებზე.
ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ საჭიროა, უფრო მეტი საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, რათა უზრუნველყოფილი და დაცული იყოს ადამიანის უფლებები”, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.