პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა

05/10/2017

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტისა და 20-მდე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა: – უმრავლესობის მომართვის საფუძველზე, პრეზიდენტი ვეტოში უცვლელად ასახავს უმრავლესობის წინადადებებს.
პრეზიდენტი ვეტოში გაიმეორებს ასევე, “ქართული ოცნების” პოლიტიკური ხელმძღვანელობის პოზიციას 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
დაბოლოს, საკითხზე, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაშია ქართული საზოგადოების პოზიციასთან, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით – ამ წინააღმდეგობის დაძლევის ვერსიად პრეზიდენტი ვენეციის კომისიის სულისკვეთების გაზიარებით, სთავაზობს უმრავლესობას, რომ პრეზიდენტის არჩევის საკითხი მომავლში გადაწყვიტოს ორპალატიანმა პარლამენტმა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი პოზიცია უზრუნველყოფილია პარლამენტში ოპოზიციის ხმებით, რაც განაპირობებს იმას, რომ “ქართული ოცნების” პრინციპული პოზიციები გატარდება ცხოვრებაში და კონსტიტუცია აღარ იქნება ერთპარტიული დოკუმენტი. ამავე პოზიციას მხარს უჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც. ამ ყველაფრის ერთობლიობით, შესაძლებელი იქნება ქართული დემოკრატია გადავიდეს პოლიტიკური დისკუსიის, კომპრომისის და კონსენსუსის მიღწევის ევროპულ სტანდარტზე.
პრეზიდენტისა და ოპოზიციურ პარტიების შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში კახა კოჟორიძე.

Tweet about this on TwitterShare on Facebook0